გაკვეთილის რეფლექსიები


                                      რეფლექსია 1


                                        
ჩემ მიერ მე-8 კლასში ჩატარებული  გაკვეთილი თემაზე  - „სიმეტრიის გამოყენება ამოცანების ამოსახსნელად“- მიზნად ისახავდა, რომ მოსწავლეებს შეძლებოდათ შესწავლილი გეომეტრიული ფიგურების კლასიფიკაცია სიმეტრიის ღერძებისა და სიმეტრიის ცენტრის მიხედვით და ღერძული, ან ცენტრული სიმეტრიის გამოყენებით პრაქტიკული ამოცანების ამოხსნა გეოგებრას პროგრამის დახმარებით სმარტბორდზე.
  გაკვეთილის დასაწყისში გადავწყვიტე შესასვლელი ბილეთებით შემემოწმებინა მოსწავლეთა წინარე ცოდნა.  შესასვლელი  ბილეთების დარიგებისთანავე გავაცანი გაკვეთილის თემა, მიზანი და მივეცი მოკლე ინსტრუქცია დავალების შესასრულებლად. მოსწავლეებმა სწრაფად და ორგანიზებულად დაიკავეს თავიანთი ადგილები და ზუსტად განსაზღვრულ დროში ჩამაბარეს შესასვლელი ბილეთები.
 ამის შემდეგ განწყობის შესაქმნელად და მოტივაციის  ასამაღლებლად ვანახე სიმეტრიების თემაზე წინასწარ მომზადებული 3 წუთიანი ვიდეო. ეს დრო გამოვიყენე შესასვლელი ბილეთების გადასახედად და მოვინიშნე ხშირად გამეორებული შეცდომები.
ვიდეოს დასრულების შემდეგ შემდეგ ფრონტალური გამოკითხვით მოვახდინე უკვე შესწავლილი გეომეტრიული ფიგურების კლასიფიკაცია სიმეტრიის ღერძების რაოდენობისა  და სიმეტრიის ცენტრის მიხედვით. ამ აქტივობას დაგეგმილზე მეტი დრო დასჭირდა. 5 წუთი არ აღმოჩნდა საკმარისი გამოვლენილი შეცდომების აღმოსაფხვრელად. მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია წერტილის, წრფისა და სხივის სიმეტრიის ღერძებისა და ცენტრების რაოდენობის დათვლამ, საჭირო გახდა სმარტბორდზე ჩვენება კონკრეტულ შემთხვევებში. კლასი საკმაოდ აქტიურად ჩაერთო დისკუსიაში და საკუთარი მოსაზრებების დასაბუთებას ცდილობდნენ, ამიტომ, ცხადია, დროს ვერ დავზოგავდი. ამის გამო მომიხდა ჯგუფური სამუშაოზე დროის შემცირება და დაგეგმილზე ერთით ნაკლები ამოცანა მოვასწარით.
ჯგუფურმა მუშაობამ საკმაოდ ხალისითა და შემართებით ჩაიარა. მოსწავლეებს მოეწონათ ის ფაქტი, რომ ცხოვრებისეული პრობლემების გადაწყვეტა უწევდათ სიმეტრიების გამოყენებით. ყველა ინტერესით იყო ჩართული სამუშაო პროცესში. ფუნქციები თვითონვე გადაინაწილეს და დროსაც საკმაოდ კარგად აკონტროლებდნენ. მუშაობის პროცესში ვაკვირდებოდი ჯგუფებს. პერიოდულად ვჩერდებოდი მათთან და ვაკვირდებოდი, როგორ მუშაობდნენ. საჭიროების შემთხვევაში ვეხმარებოდი, ვაძლევდი მიმართულებას. საკმაოდ კარგად გაართვეს თავი თითოეულ დავალებას. ყოველი ამოცანის ამოხსნის შემდეგ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ამორჩეული ჯგუფიდან ერთი, ან ორი მოსწავლე(მათი სურვილის მიხედვით) აკეთებდა პრეზენტაციას, თუმცა ნამუშევარი მოჰქონდა ყველას და განხილვის შემდეგ შეფასების ცხრილში ვწერდით თითოეული ჯგუფის შესაბამის ქულას. ყოველ ჯერზე ვახდენდი თითოეული ჯგუფის  განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებას, მოსწავლეებს არ გასჩენიათ უსამართლობის განცდა, რადგან თვითონ მონაწილეობდნენ შეფასებაში, რისთვისაც იყენებდნენ შეფასების შესაბამის რუბრიკას.
გაკვეთილის ბოლო 5 წუთი დავუთმე შემაჯამებელ დისკუსიას, ბოლოს მოსწავლეებს მივეცი საშინაო დავალება.                                            
 გაკვეთილზე გამოყენებული მეთოდები და აქტივობები ემსახურებოდა მიზნის მიღწევას და, ვფიქრობ, მიზანიც, თავის მხრივ, შეესაბამებოდა შედეგს.  მოსწავლეებმა შეძლეს უკვე შესწავლილი გეომეტრიული ფიგურების კლასიფიკაცია სიმეტრიის ღერძებისა და ცენტრის მიხედვით და შესანიშნავად გაართვეს თავი ისეთ ცხოვრებისეული  პრაქტიკული ამოცანების ამოხსნას სიმეტრიის თემის დახმარებით, როგორიცაა ობიექტებს შორის უმცირესი მანძილის მოძებნა, რასაც ითვალისწინებს ესგ-ის მე-8 კლასის სტანდარტით განსაზღვრული ინდიკატორები.  
 შესაბამისობა ეროვნულ სასწავლო სტანდარტთან:

მათ. გაძ. VIII.8.

მოსწავლეს შეუძლია ფიგურათა თვისებების გამოყენება ფიგურათა კლასიფიცირებისათვის და მათი სახეობების შესადარებლად.

მათ. გაძ. VIII.10.

 
 მაქსიმალურად შევეცადე, გაკვეთილის გეგმას მივყოლოდი, გაკვეთილის ეტაპები თანმიმდევრული ყოფილიყო, რაც შევძელი კიდეც, თუმცა, როგორც ყველა გაკვეთილს, ამ გაკვეთილსაც ჰქონდა ძლიერი და სუსტი მხარეები:
ძლიერი მხარე:  მინდა აღვნიშნო, რომ კმაყოფილი ვარ ჩატარებული გაკვეთილით, მოსწავლეებმა ყველა ეტაპზე კარგად გაართვეს თავი სამუშაოს . ინტერესით იყვნენ ჩართულები მთელი გაკვეთილის პროცესში, რაც აისახა კიდევაც შედეგებში. საკმაოდ ადვილად გაართვეს თავი მათთვის მიცემულ დავალებებს, რამაც ძალიან გამახარა მეც და ბავშვებიც. გეომეტრიული ფიგურების სიმეტრიის ღერძების დათვლისთვის კარგად იმუშავა ფერადმა ბარათებმა, აქტიურად ვიყენებდით სმარტბორდს,  გეოგებრას რესურსს. ძლიერ მხარედ შემიძლია დავასახელო ის, რომ კლასი წყნარად და ორგანიზებულად მუშაობდა მთელი გაკვეთილის განმავლობაში, არ მჭირდებოდა ქცევის წესების შეხსენება, ბავშვები ოპტიმალურად იყენებენ დროს და რესურსებს ჯგუფური მუშაობისას, რაც აშკარად გამოცდილების შედეგია. ასევე აქტივობები სწორად და თანამიმდევრულად იყო განაწილებული. ჩემსა და მოსწავლეებს შორის ურთიერთობა პატივისცემის, თანასწორობისა და თანამშრომლობის პრიციპზე იყო აგებული; ვიყავი აქტიური მსმენელი, ვითვალისწინებდი და პატივს ვცემდი მოსწავლეთა, თუნდაც განსხვავებულ, მოსაზრებას; ყოველი წუთი ემსახურებოდა გაკვეთილის მიზნის მიღწევას;  ამოცანების გადაჭრისას ვცდილობდი მათთვის გამეადვილებინა სწორი გზების მოძებნის პროცესი, მოსწავლეები მსჯელობდნენ და გამოჰქონდათ სწორი დასკვნები.
სუსტი მხარე:  სამწუხაროდ დრო არ გვეყო ჯგუფურ სამუშაოში გათვალისწინებული ყველა ამოცანის ამოსახსნელად, რადგან შესასვლელი ბილეთი თემატურად დატვირთული გამოდგა, ამიტომ  გათვლილზე  მეტი დრო დასჭირდა, რასაც  გავითვალისწინებ სამომავლოდ.
ფიქრობ, ნაკლებად წავახალისე მოსწავლეები განმავითარებელი შეფასებისას, შემეძლო უფრო მეტად შემექო, რასაც იმსახურებდნენ კიდეც;
 საბოლოოდ ჩატარებული გაკვეთილით კმაყოფილი დავრჩი, რადგან გაკვეთილის მიზანი მიღწეული იქნა.
                                                                                            ნ. ოზბეთელაშვილი 
                                                                                                   7/03/2019წ.                                                                                     






                                        რეფლექსია 2
                                                                              
2019 წლის 25 აპრილს  მე-85 კლასში ჩავატარე სამოდელო გაკვეთილი თემაზე  - „პითაგორას თეორემა“.  გაკვეთილის ტიპი იყო გამჭოლი კომპეტენციები. ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც სწორედ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევის ერთ-ერთი მიშვნელოვანი ინსტრუმენტია, განმარტავს, რომ გარდა კონკრეტული საგნის გასაგებად საჭირო სპეციფიკური კომპეტენციებისა, არსებობს კიდევ, ეგრეთ წოდებული, გამჭოლი კომპეტენციები, რომელიც ნებისმიერი საგნის ფარგლებში უნდა ვითარდებოდეს. ამ კომპეტენციებს შორის არის მედიაწიგიერება, რომელიც დღევანდელი ტექნოლოგიური ცვლილებების გათვალისწინებით უნდა მოიცავდეს ინფორმაციის არა მხოლოდ  ტრადიციული ნარატიული, არამედ , ასევე, მულტიმედიური საშუალებებით გადაცემის, მიღების, გაფილტრვის, თუ დამუშავების სხვა ხერხების ცოდნას. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულია, რომ ამ გამჭოლი კომეტენციების სწავლებაში ნებისმიერი საგანი უნდა ჩაერთოს, მათ შორისაა მათემატიკაც. ეკატერინე კორძაძის თქმით, მედიაწიგნიერებისათვის მნიშვნელოვანი კრიტიკული აზროვნების, განსჯის, დასაბუთებისა და არგუმენტირებული მსჯელობის  უნარებს ვერაფერი ისე ვერ განავითარებს, როგორც მათემატიკის კურსი. მეორე მხრივ, შეუძლებელია მათემატიკის საფუძვლიანი შესწავლა დრევანდელ პირობებში მედიაწიგნიერების უნარების გარეშე.
       მე-85 კლასში ჩატარებული მათემატიკის გაკვეთილი  მიზნად ისახავდა, რომ მოსწავლეებს შეძლებოდათ:
·       პითაგორას თეორემის შესახებ სხვადასხვა მედიასაშუალების გამოყენებით ინფორმაციის მიღება, დახარისხება და ანალიზი;
·       საჭირო მონაცემების შერჩევა და ორგანიზება; მონაცემებს შორის არსებითი მონაცემების  გამოყოფა, საპრეზენტაციო სახით წარმოდგენა;
·       დამტკიცების,დასაბუთების, არგუმენტირების ხერხების ფლობა; მსჯელობის ხაზის, კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარის განვითარება;

  გაკვეთილის დასაწყისში საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის მიზანი და შემდეგ შესაბამისი განწყობის შესაქმნელად და მოტივაციის  ასამაღლებლად ვაჩვენე პითაგორას თეორემის შესახებ სახალისო 1 წუთიანი ვიდეო.
ვიდეოს დასრულების შემდეგ შემდეგ ფრონტალური გამოკითხვით შევამოწმე დავალება. კონკრეტულად დავინტერესდი, თითოეულ ჯგუფს რამდენად გაუძნელდა, ან  გაუადვილდა დავალების შესრულება. ამ პროექტისთვის რამდენიმე დღით ადრე კლასი დავყავი 5-6 კაციან ჯგუფებად და მათი სურვილის გათვალისწინებით თითოეულ ჯგუფს მივეცი წინასწარ განაწილებული 5 თემიდან კონკრეტული დავალება: მათ დაევალათ ინფორმაციის მოძიება,  დახარისხება,  წარმოდგენის შესაბამისი ფორმის მოძებნა  და 5-6 წუთიანი პრეზენტაციის მომზადება კონკრეტულ თემაზე:
I ჯგუფი - პითაგორას ცხოვრება და მოღვაწეობა
II ჯგუფი - პითაგორას თეორემის დამტკიცების ნაირსახეობები
III ჯგუფი - პითაგორას თეორემის გამოყენება
IV ჯგუფი - პითაგორას რიცხვები
V ჯგუფი - პითაგორას ხე
 პერიოდულად ვამოწმებდი, როგორ მიდიოდა ჯგუფებში მუშაობა და საჭიროების შემთხვევაში ვაძლევდი მითითებებს.
გაკვეთილზე პრეზენტაციის წარმოდგენის ფორმასა და საშუალებებს, ასევე თუ რამდენი ბავშვი წარმოადგენს თემას, წყვეტდა ჯგუფი. მოსწავლეებს შევახსენე დროის ლიმიტის შესახებ, ვთხოვე ყურადღებით მოესმინათ ყოველი ჯგუფის გამოსვლა, რადგან მათ უნდა მოეხდინათ წინასწარ მათთვის გადაცემული შეფასების რუბრიკებით თითოეული ჯგუფის შეფასება. ამის შემდეგ რიგითობის მიხედვით წარმოადგინეს ნამუშევრები.
  სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი მოსწავლეების ნამუშევრებით. აღმოჩნდა რომ მთელი სერიოზულობითა და  დიდი მონდომებით თითქმის უხარვეზოდ შეასრულეს მათთვის მიცემული დავალება. წარმოდგენილი პრეზენტაციები იყო მაღალი ხარისხის, უნაკლოდ წამოდგენილი, მრავალფეროვანი, როგორც საპრეზენტაციო სლაიდებითა და ვიდეოებით, ასევე მათი ხელით მომზადებული რესურსებითაც, ნახატები, საგაზეთო ფორმით მომზადებული პრეზენტაცია, პითაგორას სამკუთხედის ასაგებად უძველესი დროიდან გამოყენებული თოკიც არ დავიწყნიათ, განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მესამე ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ვიდეოები  პითაგორას თეორების გამოყენების შესახებ ყოფა-ცხოვრებასა და ასტრონომიაში. ასევე არანაკლები ეფექტი მოახდინა მეხუთე ჯგუფის მიერ წარმოდგენილმა მასალამ პითაგორას ხეების შესახებ, ერთ-ერთმა მოსწავლემ კი თვითონ ჩაწერა და წარმოადგინა ანიმაციური ვიდეო პითაგორას ხეების აგების პროცესსა და  შემდეგ მისი მოძრაობაში მოყვანის საჩვენებლად, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა მსმენელებში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პროექტის მომზადებაში თითქმის ყველა მოსწავლემ მიიღო აქტიური მონაწილეობა და ზოგიერთმა, მათემატიკის საგანში შედარებით სუსტმა მოსწავლემ გამოავლინა მედიაწიგნიერების მაღალი უნარები. მათთვის განსაკუთრებით სახალისო აღმოჩნდა ასეთ პროექტზე მუშაობა. ჯგუფის შიგნით მოსწავლეებმა ფუნქციები თვითონვე გადაინაწილეს და დროსაც საკმაოდ კარგად აკონტროლებდნენ.  
                ყოველი ჯგუფის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ვაფასებდი განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებით. ვეკითხებოდი:
1.     რამდენად გაუძნელდათ, ან გაუადვილდათ ერთობლივად მუშაობა საკითხის ირგვლივ?
2.      რა სიძნელებს წააწყდნენ და რას გაითვალისწინებენ სამომავლოდ?
3.     რომელ წყაროებზე დაყრდნობით დაადგინეს  მოძიებული ინფორმაციის სანდოობა?
  პრეზენტაციების დასრულების შემდეგ  თითოეულმა ჯგუფმა შეაფასა  ყველა დანაჩენი ჯგუფი, რისთვისაც იყენებდნენ მათთვის წინასწარ გადაცემულ შეფასების რუბრიკას. ამ პროცესს მონიტორინგს ვუწევდი და ჯგუფების მიერ გაკეთეული შეფასება გადამქონდა თვალსაჩინო ადგილზე გამოტანილ სპეციალურად მომზადებულ ფლიპჩარტზე. ასეთი სახით მოსწავლეებმა მიიღეს ეფექტური უკუკავშირი როგორც ერთმანეთისგან, ასევე  მასწავლებლისგან. საბოლოოდ შეფასდნენ  როგორც განმავითარებელი, ასევე განმსაზღვრელი შეფასებით. განსაკუთრებულად აღვნიშნე იმ ბავშვების აქტიურობა და ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში, რომლებიც, როგორც წესი, პასიურები არიან ხოლმე და ამ შემთხვევაში გამოავლინეს მედიაწიგნიერების მაღალი უნარები და ჯგუფთან კომუნიკაციისას გამოირჩეოდნენ მაღალი აქტივობით.
გაკვეთილის ბოლო 3 წუთი დავუთმე შემაჯამებელ დისკუსიას, ბოლოს მოსწავლეებს მივეცი ინსტუქცია საშინაო დავალებასთან დაკავშირებით.
გაკვეთილი იყო დინამიური, ხალისიანი, ინტერაქტიური. ყველა მოსწავლე იყო ჩართული საგაკვეთილო პროცესში თავიდან ბოლომდე. ისინი ან პრეზენტაციას აკეთებდნენ, ან აქტიური მსმენელები იყვნენ, რადგან იცოდნენ , რომ აფასებდნენ ერთმანეთს წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმებით. მე ვიყავი ფასილიტატორის როლში. 
 ჩემი აზრით, გაკვეთილზე გამოყენებული მეთოდები და აქტივობები  ოპტიმალური იყო მიზნის მისაღწევად.  მოსწავლეებმა შესანიშნავად გაართვეს თავი  მათთვის მიცემულ დავალებას. მათ შეძლეს პითაგორას თეორემის  ირგვლივ სხვადასხვა მულტიმედიური საშუალებებით ინფორმაციის მოძიება, დახარისხება, გაფილტრვა, საპრეზენტაციო სახით მომზადება და ვიზუალური სახით წარმოდგენა, რასაც ითვალისწინებს ესგ-ის საბაზო საფეხურის სტანდარტი
 კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:
ესგ-ის საბაზო საფეხურის სტანდარტი: საგნობრივი შედეგების გარდა, ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებიდან სწავლა-სწავლებისა და შეფასების სამიზნედ ასევე უნდა იქცეს შემდეგი გამჭოლი უნარები და ღირებულებები:
პასუხისმგებლობა
·       სასკოლო საქმიანობებში (სასკოლო ცხოვრებაში) ნაკისრი ვალდებულების შესრულება;
·       სამუშაოს დადგენილ ვადებში დასრულება და ჩაბარება;
·       საკუთარი ქცევის მართვა, საკუთარ ქცევებზე პასუხისმგებლობის აღება.
თანამშრომლობა
·       სამუშაოს თანასწორად განაწილება და შესრულება ჯგუფური/გუნდური მუშაობის
·       დროს;
·       მზაობა ჯგუფში/გუნდში სხვადასხვა ფუნქციის შესასრულებლად;
·       მულტიპერსპექტიული ხედვა დროითი და სივრცული ფაქტორების
·       გათვალისწინებით.
ეთიკა
·       ეთიკური ნორმების დაცვა;
·       საჭირო ცოდნის განსაზღვრა; დავალების/აქტივობის მთავარი მიზნის განსაზღვრა;
·       ცალკეული საქმიანობისთვის გამოყოფილი დროის ეფექტურად გამოყენება.
·       ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება
წიგნიერება
·       ზეპირი და წერითი მეტყველების გზით ინფორმაციის მიღების, დამუშავების,
·       გააზრების, სისტემაში მოყვანის, გაანალიზება-ინტერპრეტირებისა და წარდგენა-
·       გაზიარების უნარი.
ქცევა
·       სწავლა-სწავლების პროცესში ინტერესისა და ცნობისმოყვარეობის გამოვლენა;
·       ახალი იდეების, მიდგომების, შესაძლებლობების ძიება და მათი განხორციელება
·       სწავლის გაუმჯობესების მიზნით;
·       მზაობა გამოწვევების მისაღებად, გაბედული ნაბიჯების გადასადგმელად
შემოქმედებითი აზროვნება
· ჩანაფიქრის შემოქმედებითად განხორციელება;
· ორიგინალური იდეების გამოვლენა და ხორცშესხმა; ახლის შექმნა;

    მაქსიმალურად შევეცადე, გაკვეთილის გეგმას მივყოლოდი, რაც შევძელი კიდეც. გაკვეთილის ეტაპები იყო თანმიმდევრული, თუმცა, როგორც ყველა გაკვეთილს, ამ გაკვეთილსაც ჰქონდა ძლიერი და სუსტი მხარეები:

ძლიერი მხარე:  მინდა აღვნიშნო, რომ კმაყოფილი ვარ ჩატარებული გაკვეთილით, შემიძლია ვთქვა, რომ მიზანი მიღწეულია: გაკვეთილი ნამდვილად ემსახურებოდა მოსწავლეებში ინფორმაციის ეფექტიანად მიღების, გადამუშავებისა და გაცემის უნარის განვითარებას. მოსწავლეებმა ყველა ეტაპზე კარგად გაართვეს თავი სამუშაოს. ინტერესით იყვნენ ჩართულები მთელი გაკვეთილის პროცესში, რაც აისახა კიდევაც შედეგებზე: მათ გამოავლინეს მედიაწიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნებისათვის საჭირო უნარები.  საკმაოდ ადვილად გაართვეს თავი მათთვის მიცემულ დავალებებს და სასიამოვნო სიურპრიზებიც შემოგვთავაზეს, რამაც ძალიან გამახარა მეც და ბავშვებიც.  ბავშვები ოპტიმალურად იყენებენ დროს და რესურსებს ჯგუფური მუშაობისას, რაც ცხადად, გამოცდილების შედეგია.  გაკვეთილი მიდიოდა გეგმის მიხედვით, არ გახდა საჭირო მოდიფიცირება. ყველა ეტაპზე დაცული იყო დროის ლიმიტი. ჩემსა და მოსწავლეებს შორის ურთიერთობა პატივისცემის,  თანასწორობისა და თანამშრომლობის პრიციპზე იყო აგებული; ვიყავი აქტიური მსმენელი, ძირითადად ფასილიტატორის როლში. ყოველი წუთი ემსახურებოდა გაკვეთილის მიზნის მიღწევას;  მოსწავლეები, მსჯელობდნენ, კრიტიკულად აზროვნებდნენ და გამოჰქონდათ სწორი დასკვნები.
სუსტი მხარე:  გაკვეთილის ერთადერთ სუსტ მხარედ დავასახელებ შფასების რუბრიკაზე მუშაობის პროცესში გამოვლენილ ხარვეზებს, კერძოდ, ურთიერთშეფასებისას  საჯაროდ ქულების გამოტანას, რამაც ჩემდა გასაოცრად მოსწავლეთა გულისწყრომა გამოიწვია. ისინი იმდენად დიდი მონდომებით ჩაებნენ სამუშაოში და მათი აზრით, მაქსიმუმი გააკეთეს, რომ გაუჭირდათ შედარებით დაბალი ქულებისა და კრიტიკის მიღება, თუმცაღა ჩემი ჩარევისა და არგუმენტირებული განმარტებების მოსმენის შემდეგ სიტუაცია სწრაფად განიმუხტა. ასევე აღვნიშნავ, რომ ზოგიერთ მოსწავლეს სჭირდება საპრეზენტაციო უნარებზე მუშაობა, რასაც სამომავლოდ გავითვალისწინებთ.
  საბოლოოდ, ჩატარებული გაკვეთილით კმაყოფილი დავრჩი, რადგან გაკვეთილის მიზანი მიღწეული იქნა. ვფიქრობ ნებისმიერი თემის შეჯამებისთვის შეიძლება ანალოგიური ტიპის გაკვეთილის ჩატარება, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მედიაწიგნიერების კომპეტენციების განვითარებას, კერძოდ კრიტიკული, ანალიტიკური და სიღრმისეული გააზრების უნარების გამომუშავებას.
                                                                                                                                                 ნ. ოზბეთელაშვილი 
                                                                                                                                                3/05/2019წ.                                                                                     


                                   რეფლექსია 3

                                     
   2019 წლის 30 მაისს მე-85 კლასში ჩავატარე სამოდელო(ინოვაციური) გაკვეთილი თემაზე  - „ოქროს კვეთა“, რომელიც მიზნად ისახავდა, რომ მოსწავლეები გაცნობოდნენ მთელის ჰარმონიულ გაყოფას-ოქროს კვეთას, მის გამოყენებას ხელოვნებაში, არქიტექტურაში, ლიტერატურასა და ბუნებაში. ასევე შეძლებოდათ მოცემული მონაკვეთის გაყოფა ოქროს კვეთით, მისი ნაწილების ზომების გამოთვლა და  გეომეტრიული აგება .
  გაკვეთილი ჩავატარე ე. წ. „მომავლის კლასში“, სადაც ყველა პირობაა ინდივიდუალურად კომპიუტერებისა და ინტერნეტის გამოყენებისა, აგრეთვე დამონტაჟებულია „ჭკვიანი დაფა“, რომელსაც ვიყენებდით, როგორც საწერ დაფად გეომეტრიული ფიგურების ასაგებად, ასევე საჭიროების შემთხვევაში პარალელურ რეჟიმში ვნახულობდით ფოტო-ვიდეო ან ანიმაციურ მასალას.
  გაკვეთილი დავიწყე თემისა და მიზნის გაცნობით. ასევე ბაშვებს გავაცანი  შეფასების რუბრიკები და განწყობის შესაქმნელად კლასს ვანახე წინასწარ მომზადებული ვიდეო, რომელშიც ასახული იყო ოქროს კვეთის საოცარი ნიმუშები ბუნებასა და ჩვენს გარემომცველ სამყაროში უხსოვარი დროიდან დღემდე.  ვიდეოს  ნახვის შემდეგ მოსწავლეებს უნდა შეესრულებინათ სამუშაო  წყვილებში. ამისათვის მივეცი ინსტრუქცია, რომ შესულიყვნენ  ჩემ მიერ მითითებულ ინტერნეტმისამართზე და ენახათ „ხანის აკადემიის“ სასწავლო ვიდეო, ამოეწერათ ძირითადი ფორმულები და ოქროს კვეთის რიცხვის საოცარი თვისებები. ეს აქტივობა ემსახურებოდა „სწავლის სწავლების“ მეთოდის გამოყენებას საგაკვეთილო პროცესში. მოსწავლეები  წყვილებად ისხდნენ კომპიუტერებთან ყურსასმენებით და დიდი მონდომებით იწერდნენ დასამახსოვრებელ ინფორმაციას. მათ იცოდნენ, რომ დრო შეზღუდული იყო და მხოლოდ ერთხელ უნდა ენახათ ვიდეო. მეწყვილეები ეხმარებოდნენ ერთმანეთს ფაქტების ჩაწერასა და ინფორმაციის გადახარისხებაში. სწავლების პროცესი საკმაოდ ორგანიზებულად და ხარისხიანად მიმდინარეობდა.
 ამ აქტივობის დასრულების შემდეგ ფრონტალური კითხვებით გამოვიკითხე დასწავლილი მასალა. აღმოჩნდა, რომ მოსწავლეებმა  მცირე დროში საკმაო ინფორმაცია დაიმახსოვრეს. ჩემს მიერ დასმული შეკითხვებიდან არც ერთი არ ჩავარდნილა, ერთმანეთს უსწორებდნენ, თუ რამე ხარვეზი დაფიქსირდებოდა, ჩემი ჩარევა იყო მინიმალური. თემამ დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში, იყო ინდივიდუალური შეკითხვები მათი მხრიდან, რომელსაც, ცხადია, უპასუხოდ ვერ დავტოვებდი, ამიტომ ამ აქტივობას გათვალისწინებულზე მეტი დრო დავუთმეთ, რამაც თავის მხრივ, გაკვეთილის გეგმის მოდიფიცირება გამოიწვია. სპონტანურად მივიღე გადაწყვეტილება: შემდეგი აქტივობა - წყვილებში დამოუკიდებელი კვლევა ადამიანის სხეულზე ოქროს პროპორციების მოძიებისა- გადამეკეთებინა საერთო საკლასო სამუშაოდ.



 გამოვიყვანე ერთ-ერთი მოსწავლე და  სადემონსტრაციოდ გავზომეთ მისი  სხეულის ზოგიერთი ნაწილი სპეციალური სანტიმეტრით. ვატოს  პროპორციები ჩავაწერინე მოსწავლეებს: მთლიანი სიმაღლე, ჭიპამდე სიმაღლე, მხარის სიგრძე, მაჯის სიგრძე, ხელის მტევნის  სიგრძე. შემდეგ მივუთითე  რომელი სიდიდეები შეეფარდებინათ ერთმანეთთან და ყველა სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა, როცა ამ პროპორციების შეფარდებამ ოქროს კვეთა მოგვცა. ვატოს პროპორციები თითქმის იდეალური იყო, რამაც ვატოც გაამხიარულა და სხვებიც. აქტივობაზე სულ 2 წუთი დაგვჭირდა, თანაც ძალიან პოზიტიური განწყობა შემოიტანა კლასში. ასევე მოსწავლეებს „ჭკვიან დაფაზე“ ვანახე რემბრანტის ცნობილ ნახატეზე აღმოჩენილი ოქროს პროპორციები, შემდეგ ასევე სმარტბორდზე ვაჩვენე(სწრაფი ხაზვის რეჟიმში)   წესიერი ხუთკუთხედის გვერდებსა და დიაგონალებს შორის დამოკიდებულება ოქროს კვეთით და მათი გადაკვეთით მიღებულ ხუთქიმიანი ვარსკვლავი; ვნახეთ, რომ ეს პროცესი -ვარსკვლავში ოქროს კვეთის მიღებისა, უსასრულოდ გაგრძელებადია. იქვე ვაჩვენე კლასს ბუნებაში მსგავსი მცენარეებისა და ყვავილების ფოტომასალა. ასევე ვნახეთ ოქროს მართკუთხედის ანიმაცია, რომელიც ქმნის ოქროს სპირალს, მისი მაგალითები ბუნებაში(ლოკოკინის ნიჟარა) და არქიტექტურული ნიმუშები.
   ამის შემდგომ გადავედით გაკვეთილის მთავარ ნაწილზე, ეს იყო ამოცანების ამოხსნა ოქროს კვეთის გამოყენებით და, რაც მთავარია, - მისი გეომეტრიული აგება. მოსწავლეებს  მოსაფიქრებლად მივეცი რამდენიმე წუთი, მუშაობას ისევ წყვილებში განაგრძობდნენ, რამაც ხელი შეუწყო ამოცანის დროულად გააზრებასა და პრობლემის გადაჭრის გზების სწრაფ მოძიებას. დრო რომ არ დაგვეკარგა, მხოლოდ ერთი წინადადებით შევახსენე, რომ დასჭირდებოდათ ირაციონალური რიცხვის აგების გახსენება. მალე დაადგნენ სწორ გზას და ორიოდ წუთში აგება შეძლო რამდენიმე წყვილმა, რის შემდეგაც დაფასთან განვიხილეთ მათი ამოხსნებიდან უკეთესი ვარიანტი(დაფიქსირდა სამი სხვადასხვა აგება), თუმცაღა  შევთავაზე ოქროს კვეთის აგების კლასიკური ვარიანტიც, და ერთ-ერთ მოსწავლეს დაფასთან დავამტკიცებინე მისი სისწორე. ამ აქტივობის მიმდინარეობისას ვაფასებდი მოსწავლეებს როგორც განმავითარებელი, ასევე განმსაზღვრელი შეფასებით, რომლის რუბრიკებიც წინასწარ გავაცანი კლასს და გაკვეთილის განმავლობაში განთავსებული იყო თვალსაჩინო ადგილზე (თან ერთვის რეფლექსიას).
  გაკვეთილი მართლაც პროდუქტიული, შინაარსითა და ინფორმაციით დატვირთული, შემეცნებითი და ამავდროულად, სახალისო გამოდგა. მოსწავლეებმა ვერ დაფარეს აღფრთოვანება. გაკვეთილის შეჯამებისას აღიარეს, რომ აქამდე არაფერი იცოდნენ ოქროს კვეთის ფენომენზე და გაოცება ვერ დამალეს, როცა გააცნობიერეს,  რომ მთელი სამყარო ემორჩილება ამ საოცარ ჰარმონიას.   
 ძლიერი მხარე:  გაკვეთილის ძლიერ მხარედ შემიძლია დავასახელო რესურსების ეფექტური გამოყენება. „მომავლის კლასში“ ჩატარებული გაკვეთილი სიახლე იყო კლასისთვისაც და ჩემთვისაც, რის გამოც ცოტა ვღელავდი, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. რაც დაგეგმილი მქონდა, ყველაფერი განვახორციელე. აქტიურად ვიყენებდით სმარტბორდს.     
  ასევე მინდა აღვნიშნო მეორე აქტივობის წარმატება. „სწავლის სწავლების“ მეთოდის გამოყენება  გაკვეთილზე ჩემთვისაც ინოვაციაა და კმაყოფილება ვერ დავფარე, იმდენად კარგად იმუშავეს ბავშვებმა წყვილებში. ისინი ინტერესით იყვნენ ჩართულნი მთელი გაკვეთილის პროცესში, რაც აისახა კიდევაც შედეგებში. საკმაოდ ადვილად გაართვეს თავი მათთვის მიცემულ დავალებებს, რაც აისახა მაღალ შეფასებებში. ძლიერ მხარედ შემიძლია დავასახელო ის, რომ კლასი წყნარად და ორგანიზებულად მუშაობდა მთელი გაკვეთილის განმავლობაში, არ მჭირდებოდა ქცევის წესების შეხსენება, ბავშვები ოპტიმალურად იყენებენ დროს და რესურსებს წყვილებში მუშაობისას. ასევე ვთვლი, რომ აქტივობები სწორად და თანამიმდევრულად იყო განაწილებული. ყოველი წუთი ემსახურებოდა გაკვეთილის მიზნის მიღწევას.  ამოცანების გადაჭრისას ვცდილობდი, მათთვის გამეადვილებინა სწორი გზების მოძებნის პროცესი, მოსწავლეები მცირე ბიძგის შემდეგ ადვილად ართმევდნენ თავს დავალებას;

სუსტი მხარე:   სამწუხაროდ, დრო არ გვეყო; მასალამ იმდენად დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში, რომ მეორე და მესამე  აქტივობაზე დაიხარჯა დაგეგმილზე მეტი დრო და ამის გამო 45 წუთი არ აღმოჩნდა საკმარისი, თუმცა ეს გათვალისწინებული მქონდა: ამ დღეს ორი მათემატიკის გაკვეთილი ჰქონდა 85 კლასს ცხრილში და მომდევნო გაკვეთილის რამდენიმე წუთი დავუთმე  გაკვეთილის შეჯამებასა და ოქროს კვეთაზე პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულებას.
 საბოლოოდ, ჩატარებული გაკვეთილით კმაყოფილი დავრჩი მეც და კლასიც. მიზანი მიღწეული იქნა. მოსწავლეებმა მიიღეს საკმაოდ დიდი ინფორმაცია ოქროს კვეთასა და მის გამოყენებაზე გარემომცველ სამყაროში, ისწავლეს მონაკვეთის განაწილება ოქროს კვეთით, ოქროს კვეთის აგება.
შეფასება   -  განმავითარებელი.  ვაფასებ საკლასო აქტივობების პროცესში მოსწავლეთა ჩართულობისა და თანამშრომლობის უნარს.
კრიტერიუმები
არადამაკმაყოფილებელი
დამაკმაყოფილებელი
კარგი
ძალიან კარგი
ჩართულობა
არ მონაწილეობს აქტივობაში
ნაკლებად მონაწილეობს და შეაქვს წვლილი აქტივობაში
მონაწილეობს და შეაქვს გარკვეული წვლილი აქტივობაში
აქტიურად მონაწილეობს და შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი აქტივობაში
თანამშრომლობა
არ თანამშრომლობს მეწყვილესთან მუშაობის დროს
ნაკლებად თანამშრომლობს მეწყვილესთან მუშაობის დროს
თანამშრომლობს მეწყვილესთან.
აქტიურად თანამშრომლობს მეწყვილესთან, აქტიურია ყველა აქტივობისას


 განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
არადამაკმაყოფილებელი
        1-4
დამაკმაყოფილებელი
           5-7
   კარგი
     8-9
ძალიან კარგი
         10
 მოსწავლეს შეუძლია მოცემული მონაკვეთის ოქროს კვეთის პროპორციით გაყოფისას მიღებული ნაწილების სიგძეების გამოთვლა
მოსწავლე ვერ წერს სწორად ოქროს კვეთის შეფარდებას
მოსწავლემ იცის რას უდრის ოქროს კვეთის რივხვი, მაგრამ ვერ   ახერხებს მონაკვეთის ნაწილების გამოთვლას
მოსწავლემ იცის რას უდრის ოქროს კვეთის შეფარდება, სწორად  წერს მონაკვეთის ნაწილებს შორის დამოკიდებულებას, მაგრამ გამოთვლისას უშვებს უმნიშვნელო უზუსტობებს
მოსწავლე უშეცდომოდ ანაწილებს მონაკვეთს ოქროს კვეთის მიხედვით
მოსწავლეს შეუძლია ოქროს კვეთის  გეომეტრიულიაგება
მოსწავლე ვერ ავლენს აგების ამოცანების ელემენტარულ ცოდნას
მოსწავლემ იცის ირაციონალური რიცხვის აგება, შეუძლია მონაკვეთის ტოლი მონაკვეთის გადადება და მისი შუაზე გაყოფა, მაგრამ ვერ აგებს ოქროს კვეთას

მოსწავლე უშვებს უმნიშვნელო უზუსტობას ოქროს კვეთის აგების  პროცესში
მოსწავლე უშეცდომოდ აგებს ოქროს კვეთას



                                                                                                                                ნ. ოზბეთელაშვილი 
                                                                                                                                3/06/2019წ.                                                                                     


No comments:

Post a Comment